ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ ევროკომისია დეოლიგარქიზაციის ჩანაწერს 12 პუნქტიდან ამოიღებს და ვენეციის კომისიის დასკვნას გაიზიარებს, მმართველი პარტია კანონს აღარ მიიღებს. ასე აფასებს ის ვენეციის კომისიის დასკვნას და აცხადებს, რომ "ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს".
"რაც შეეხება დეოლიგარქიზაციას, აქაც ძალიან მარტივად არის საქმე, არის წინააღმდეგობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციასა და ევროკომისიის რეკომენდაციას შორის. თუ ერთმანეთში შეთანხმდებიან ევროკომისია და ვენეციის კომისია, ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც იტყვის ევროკომისია. მაგრამ დღეს ვენეციის კომისია გვეუბნება ერთს და ევროკომისია გვეუბნება მეორეს და რა იგულისხმება ამაში: ვენეციის კომისია ამბობს, რომ არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა და ამბობს, რომ სხვადასხვა სფეროში რეფორმები უნდა გატარდეს, რაც ისედაც კეთდება. რაც შეეხება ევროკომისიას, ის ამბობს, რომ ჩვენ პერსონალიზებული მიდგომით უნდა წავიდეთ, ვისაუბროთ სწორედ დეოლიგარქიზაციაზე და თვითონ სიტყვა დეოლიგარქიზაციაც ნიშნავს პერსონალურ მიდგომას.
ანუ, გამოდის რა - ვენეციის კომისიას არ მოსწონს პერსონალიზებული მიდგომა, ევროკომისია გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ პერსონალიზებულ მიდგომას. როგორც კი ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას და როგორც კი ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის შესახებ, მაშინვე ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც იქნება მიღებული სამივე მოსმენით ამ თვის ბოლომდე. სწორედ ამისთვის, ჩვენ გადავწიეთ კანონის ამოქმედების ვადა პირველ მარტამდე. თუ ევროკომისია დეკემბერში გაიზიარებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას, ამ შემთხვევაში, თებერვალში გაუქმდება ჩვენ მიერ მიღებული კანონი. მაგრამ თუ ევროკომისია არ გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას, ამ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის მიღება", - აცხადებს კობახიძე.
გუშინ ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტეზე კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა - ისინი მმართველ პარტიას მოუწოდებენ, არ მიიღონ კანონპროექტი, რადგან მასში შეტანილი ზომები, მათ შორის პერსონალიზაციის მიმართულებით, ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე. ვენეციის კომისია მიუთითებს, რომ მსგავსი კანონი არის რისკი, ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, ოლიგარქიული გავლენების შესამცირებლად კონკრეტული რეფორმები გაატარონ.