ალავიძე: მაქვს ჩანაწერი, როგორ ურჩევს საქმეებს სასამართლო კლანი მოსამართლეებს

ალავიძე: მაქვს ჩანაწერი, როგორ ურჩევს საქმეებს სასამართლო კლანი მოსამართლეებს

უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ "ურჩევს საქმეებს" სასამართლო კლანი მოსამართლეებს.

ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

ალავიძე ამბობს, რომ იგი ამ ჩანაწერის გასაჯაროებას გეგმავს.

"კლანის წევრებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მანტიამოსხმულები არიან უვადოდ, ვურჩევ, რომ დღესვე დაწერონ განცხადება, თუ ისინი გაბედავენ იმას, რომ ჩემს მიმართ განახორციელებენ მუქარას, ან თუ პროკურატურა გაბედავს, რომ შემოატრიალოს ეს საქმე და მე გამომიყვანოს ამ საქმეში დამნაშავე, მე მაქვს პირდაპირი მტკიცებულება, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ამასაც მოისმენს მთელი საზოგადოება და ნახავს, კიდევ უფრო მძიმე მოსასმენს, რა ხდება სასამართლოში. როგორ ხდება საქმის გარჩევა, პირდაპირი მტკიცებულება არის ამის. ეს არის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სასამართლო კლანი ურჩევს მოსამართლეს საქმეს და ასახული არის ამ მტკიცებულებაში სქემა, როგორ ხდება მოსამართლეების დანიშვნა, წინასწარ გარიგება და ვაჭრობა მათთან...

ეს არის ჩანაწერი, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტებს, რაც მე ვახსენე. მე ვიკავებდი თავს და ჯერჯერობით ვიკავებ იმ მოტივით, რომ აზრი არ აქვს. მე მქონდა იმედი, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი რისკის ქვეშ ვიყავი, ადვილი არ არის ამხელა ინფორმაცია ატარო და ამდენ ადამიანზე, ამდენი ადამიანის დანაშაულებრივ ქმდებაზე გქონდეს ინფორმაცია და მტკიცებულებები, რთულია მარტო იმოქმედო, რადგან მე არცერთ პოლიტიკურ ძალასთან არ ვთანამშრომლობ", - თქვა ალავიძემ.

***

დღეს იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეთა კლანი.

იგი ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემქურნენ.

ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არაერთ საქმეზე საუბრობს, რომელზეც გადაწყვეტილებები, მისი თქმით, სწორედ ზემოხსენებული მოსამართლეებისა და მთავრობის ჩარევით, წინასწარ მიიღებოდა.

კერძოდ, იგი ახსენებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების საქმეს, მაესტროს წილებზე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავას და ა.შ.

ალავიზე ამბობს, რომ მასე განხორციელებული ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი თვითმკვლელობასაც განიხილავდა.