დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღონ - ვენეციის კომისიის დასკვნა

დეოლიგარქიზაციის შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღონ - ვენეციის კომისიის დასკვნა

ვენეციის კომისია დეოლიგარქიზაციის შესახებ საბოლოო მოსაზრებას აქვეყნებს და მმართველი პარტიის მიერ შესწორებულ ვარიანტს აკრიტიკებს. მათი შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს. დასკვნის თანახმად, ის ვერ იქნება დანახული როგორც დემოკრატიული ან ეფექტური პასუხი ოლიგარქიზაციაზე.

"დეოლგარქიზაციის მსგავსი კანონი არის რისკი, რომ ხელისუფლებაში მყოფთათვის პოლიტიკური ოპონენტების შესავიწროებლად სახიფათო ინსტრუმენტად იქცეს. ამ ეტაპზე, ვენეციის კომისია არ არის დარწმუნებული, რომ შესწორებულ კანონპროექტში შემოთავაზებული ცვლილებები გამოასწორებს გარდაუვალ დაპირისპირებას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის სტანდარტებთან. ვენეციის კომისია ასკვნის, რომ შესწორებული კანონპროექტი არ უნდა მიიღოს და "სისტემური" მიდგომა უნდა გატარდეს".

შესაბამისად, ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ კანონპროექტი არ მიიღონ და ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლებამ:

  • ჩაატაროს არსებული სისტემური ღონისძიებების სიღრმისეული და ყოვლისმომცველი ანალიზი;
  • დაგეგმოს მაკორექტირებელი, დამატებითი ან ჰარმონიზებული კანონმდებლობა ან ზომები, რომლებიც მოიცავს:

- ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებას;

- მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას და კორუფციის პრევენციას, GRECO-ს რეკომენდაციების შესაბამისად;

- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;

- მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის გაძლიერებას;

- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაძლიერებას, მათ შორის იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობას, ასევე, დროულ და ეფექტურ ხელმისაწვდომობას სასარგებლო საკუთრების ინფორმაციაზე, MONEYVAL-სა და FATF-ის რეკომენდაციების შესაბამისად.

- პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესების ასევე, არსებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;

- საგადასახადო კანონმდებლობის გაუმჯობესებას.

  • გააძლიეროს დამოუკიდებლობა და ეფექტურობა წამყვანი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების;
  • დაადგინოს როგორ შეუძლიათ სხვადასხვა ინსტიტუტებს ერთობლივად უკეთ მუშაობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საჯარო ცხოვრებაზე "ოლიგარქების" გავლენების თავიდან აცილების მიზნით;
  • რეგულარულად შეაფასოს მსგავსი ღონისძიებების ზემოქმედება.

14 მარტს ვენეციის კომისიამ კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ "ოლიგარქების" გავლენის შეზღუდვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის, რომელსაც სურს მიაღწიოს კანონის უზენაესობის დემოკრატიულ სისტემას, თუმცა კომისია საუბრობს რისკებზე, რომლებიც კანონპროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გააჩინოს.

კერძოდ, დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოდან გაგზავნილი დოკუმენტი ეფუძნება პერსონალურ მიდგომებს და არ არის სისტემური, რომელიც ინსტიტუციებსა და საკანონმდებლო ჩარჩოს გაძლიერებას მოემსახურებოდა. ასევე აღნიშნულია, რომ "საჯარო განცხადებების ფონზე, საქართველოს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი დიდ რისკს შეიცავს, რომ მიღების შემდეგ, ოპოზიციაზეც გავრცელდება".

***

საქართველოს პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით 16 ნოემბერს მიიღო. შემდეგ კი, განხილვა აღარ გაგრძელდა და ვენეციის კომისიაში გაიგზავნა.

დეოლიგარქიზაციაზე მუშაობა ევროკომისიის 12-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი რეკომენდაცია. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონზე იმუშაოს.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ დეოლიგარქიზაციაზე საუბრისას პირდაპირ გულისხმობენ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საქართველოში არაფორმალურ მმართველად მიიჩნევა. ამავე დროს, კი მმართველ გუნდში ბრალდებებს უარყოფენ და ივანიშვილს მეცენატად და პოლიტიკიდან გასულ პირად წარმოაჩენენ.

ქართული ოცნების გადაწყვეტილებით, ოლიგარქების სიას პარლამენტის ნაცვლად, მთავრობა შეადგენს - დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში შევიდა ცვლილება, რომ ე.წ. ოლიგარქთა რეესტრის შედგენა პრემიერმინისტრის კომპეტენცია იქნება.

კანონპროექტით, ოლიგარქების სპეციალური რეესტრის შედგენაზე პასუხისმგებელი იყო პარლამენტი, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს პროექტში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.