ო'ბრაიენი: შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ატარებს

ო'ბრაიენი: შეშფოთებული ვარ კანონით, რომელიც საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ატარებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრავიზიის საკითხებში ჯიმ ო'ბრაიენი საქართველოს პარლამენტის მიერ ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონის მიღებას ეხმაურება.

"შეშფოთებული ვართ ხელმოწერილი კანონით, რომელიც ზღუდავს თავისუფლებებს და საქართველოს ევროპისგან დაშორების რისკს ატარებს. აშშ ყოველთვის აიმაღლებს ხმას ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - წერს ის X-ზე.

***

3 ოქტომბერს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა. ამ კანონს გუშინ, 2 ოქტომბერს ხელი არ მოაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტმა კანონი 17 სექტემბერს მიიღო.

კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.

პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.