პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პროპაგანდისტულ და ჰომოფობიურ კანონს ხელი მოაწერა. ამ კანონს გუშინ, 2 ოქტომბერს ხელი არ მოაწერა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
პაპუაშვილი კანონზე, რომელიც ადამიანების უფლებებს ზღუდავს, ამბობს, რომ "ეს იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებას, ისე, რომ სხვა ადამიანების უფლებები არ შეილახოს, რაც არის კიდეც ნამდვილი დემოკრატიის არსი და იდეა".
პარლამენტმა კანონი 17 სექტემბერს მიიღო.
კანონით ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ "ოჯახური ღირებულებების დაცვა" სურს, თუმცა რეალურად ლგბტ თემის უფლებებს ზღუდავს და ცენზურას აწესებს. ჰომოფობიურ კანონპროექტზე კრიტიკული დასკვნა მოამზადა ვენეციის კომისიამ.
პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად შეკრების თავისუფლების შეზღუდვასა და მედია ცენზურასაც ითვალისწინებს.
საკანონმდებლო პაკეტში ძირითადია კანონის პროექტი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ", დანარჩენი 18 კი მისგან გამომდინარეა. ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონში, სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და ა.შ.