
რამდენიმე წუთის წინ "ოცნების" პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები გააჩერა და მათ, სახის დაფარვის მიზეზით, ოქმები შეუდგინა.
კერძოდ, პოლიციელები ამტკიცებდნენ, რომ მოქალაქეები სახეს მალავდნენ და, შესაბამისად, ვერ ხერხდებოდა მათი იდენტიფიცირება.
გარდა ამისა, პოლიციელებმა დალუქეს ის ნივთები, რომლებითაც ადამიანები "სახეს მალავდნენ", უფრო კონკრეტულად, პირბადე და ბალაკლავა.
ოქმის შედგენის ერთ-ერთ შემთხვევას იურისტი ნიკა სიმონიშვილიც შეესწრო.
მისი თქმით, პოლიციამ ერთ-ერთი ადამიანი პარლამენტის შენობიდან მოშორებით შეაჩერეს, თუმცა მათ ამ პირის მიერ სახის დამალვის მტკიცებულება ვერ წარადგინეს.
"იგი [ერთ-ერთი მოქალაქე] გააჩერეს პარლამენტის შენობის მოშორებით. ამბობენ რომ დაინახეს, რომ, თითქოს, აქციაზე იყო, მაგრამ არ ასახელებენ ვინ დაინახა. შეაჩერეს მოშორებით აქციიდან, რაც ცხადია შეკრებაში მონაწილეობას არ გულისხმობს. ვერანაირ მტკიცებულებას ვერ გვაძლევენ.
მათ აქციაზე სახის დამალვის მტკიცებულება არ წარედგინებოდათ, გვპირდებიან, რომ ამას სასამართლოში წარგვიდგენენ...
შეადგინეს დათვალიერების ოქმი და ამტკიცებენ, რომ [მოქალაქე] იდენტიფიცირებისას მალავდა სახეს. აქ ისიც გაუგებარია, სახეს იდენტიფიცირებისას მალავდა თუ აქციაზე.
ეს ცალსახად იმ რეპრესიული კანონის მოქმედებაა, რაც რამდენიმე დღის წინ მიიღო "ოცნებამ"... ნებისმიერ ადამიანს, ვინც სიცივის გამო შეიძლება შარფი გაიკეთოს, გააჩერებენ და გადაადგილების საშუალებას აღარ მისცემენ და ამისთვის, შესაძლოა 15 დღიანი პატიმრობაც დაემუქროს", - განაცხადა სიმონიშვილმა.
16 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მესამე მოსმენით საბოლოოდ დაამტკიცა ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაემატა ახალი ნაწილი, რომელიც აქციის მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას აწესებს სახის ნიღბით ან სხვა საშუალებით დაფარვის შემთხვევაშიც.
აღნიშნული ქმედება 15-დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო განმეორების შემთხვევაში, 1-წლიან პატიმრობას.