შსს: თუ 15 წუთში რუსთაველის გამზირი არ გათავისუფლდება, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში

შსს: თუ 15 წუთში რუსთაველის გამზირი არ გათავისუფლდება, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში

"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსთაველის გამზირზე მყოფ აქციის მონაწილეებს ემუქრება, რომ ქუჩის არ გათავისუფლების შემთხვევაში, მისთვის "მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს."

"2025 წლის 18 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, დემონსტრანტების სიმცირის მიუხედავად, ხელოვნურად გადაკეტეს ტრანსპორტის სავალი ნაწილი და შეაფერხეს მოძრაობა.

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, 15 წუთის განმავლობაში გახსნან სავალი ნაწილი და უზრუნველყონ ტრანსპორტის შეუფერხებელი გადაადგილება რუსთაველის გამზირზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს ყველა სამართალდამრღვევი პირის იდენტიფიცირებას და მათ მიმართ გაატარებს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ზომებს", - აცხადებს სამინისტრო.

რუსთაველის გამზირი პროევროპული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ გადაკეტეს.

ცნობისთვის, "ოცნებამ" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლს დაამატა ახალი ნაწილი, რომელიც სხვა შეზღუდვებთან ერთად, ადამიანებს უკრძალავს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვას, როცა აქციის ჩატარება სხვა ფორმითაც შესაძლებელია.

აღნიშნული ქმედებები გამოიწვევს 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო ორგანიზატორის შემთხვევაში — 20 დღემდე ვადით.

სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ამ და სხვა ქმედებების განმეორება ერთ წლის განმავლობაში უკვე სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება.

სასჯელი განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა;
  • არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში — ორ წლამდე;
  • არასრულწლოვნის მიერ ჩადენისას — ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ან ერთ წლამდე პატიმრობა;
  • ორგანიზატორის მიერ ჩადენისას, რომელმაც მძიმე შედეგი გამოიწვია — ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.