
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეხვედრაზე, აშშ-ის ლიდერს, დონალდ ტრაპმს Tomahawk რაკეტების გადაცემაზე "არა" არ უთქვამს, მაგრამ არც "კი".
ამის შესახებ მან NBC News-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრული ჩანაწერიც 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება.
"კარგია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არ თქვა "არა", მაგრამ დღეის მდგომარეობით, არც "დიახ" უთქვამს", - თქვაზ მან.
ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდების შესახებ დიალოგი გაგრძელდება.
"ჩვენს სამხედრო მიზნებზე უკრაინული წარმოების ათასობით შორ მანძილზე მოქმედ დრონს ვიყენებთ. მაგრამ რუსეთი იყენებს არა მხოლოდ ირანული და საკუთარი [შიდა] წარმოების დრონებს... არამედ იყენებს რუსული წარმოების და ჩრდილოეთ კორეის წარმოების შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებსაც. ძალიან რთულია მხოლოდ უკრაინული დრონებით მოქმედება. ჩვენ გვჭირდება შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ები და შეერთებულ შტატებს აქვს მსგავსი რამ. უკრაინას ეს კომბინირებული გამოყენებისთვის სჭრდება, ისევე როგორც ამას რუსეთი [აკეთებს].“
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk რაკეტებით შეიარაღებული უკრაინული ჯარები კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინისთვის რეალურ საფრთხეს შექმნიან.
"ვფიქრობ, პუტინს ეშინია, რომ შეერთებული შტატები Tomahawk-ებს მოგვაწვდის. და ვფიქრობ, მას ეშინია, რომ ჩვენ მათ გამოვიყენებთ", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრაპმს შორის შეხვედრა თეთრ სახლში გუშინ გაიმართა.
ზელენსკის თქმით, დიალოგის მთავარი საკითხები, უკრაინის საჰაერო თავდაცვა, შორ მანძილზე დარტყმის განხორციელების შესაძლებლობა და 16 ოქტომბერს ტრამპსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის დეტალები იყო.