კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე სასმელი წყლის ცისტერნების განთავსების ლოკაციებსა და დროებს აქვეყნებს.
ცისტერნების განთავსების ლოკაციები დღის განმავლობაში 2-ჯერ იცვლება. კომპანიაში ამბობენ, რომ მოცემული მისამართების გარდა, მომხმარებელს დამატებით შეუძლია სასმელი წყლის ცისტერნაზე მოთხოვნა ცხელი ხაზის საშუალებით დააფიქსიროს.
16 ივნისს კომპანია GWP-მ გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ამ დრომდე ათობით ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, წყალმომარაგებას რამდენიმე დღე დასჭირდება.
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში.
GWP-ში ამბობენ, რომ მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.
19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.