ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერის მაგისტრალური მილსადენის დაზიანების საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და უკანონო ქმედებით გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას გულისხმობს.
16 ივნისს კომპანია გაავრცელა განცხადება, რომ სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.
ამ დრომდე ათობით ათას აბონენტს წყალი გრაფიკით მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, წყალმომარაგების აღდგენას 6 დღე დასჭირდება.
ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებული მონაკვეთი მდებარეობს მდინარე არაგვის ხეობაში. GWP-ში ამბობენ, რომ მათგან დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ, დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.