Axios: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე კომისია შეიქმნება, მას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს

Axios: უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე კომისია შეიქმნება, მას მარკო რუბიო უხელმძღვანელებს

გამოცემა Axios დისკუსიების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში, აშშ-ის, უკრაინისა და რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები უსაფრთხოების გარანტიების დეტალურ წინადადებაზე იმუშავებენ.

წყაროების თანახმად, უსაფრთხოების გარანტიების წინადადების მოსამზადებლად აშშ-ის, ევროპისა და უკრაინის ერთობლივი კომისია შეიქმნება, ამ კომისიას კი სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, მასში ასევე მონაწილეობას მიიღებენ უკრაინიდან და ევროპის ქვეყნებიდან ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები.

"მომდევნო დღეებში ყველა მზის ამოსვლიდან დაღამებამდე უსაფრთხოების გარანტიებზე იმუშავებს. შესაძლოა, კვირის ბოლომდე გარკვეული არქიტექტურა შეიქმნა", - აცხადებს უკრაინელი მაღალჩინოსანი.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრისას გამორიცხა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში აშშ-ის ჯარები გაგზავნოს და თქვა, რომ მზადაა, დაეხმაროს უსაფრთხოების ასპექტებში, მაგალითად, საჰაერო მხარდაჭერის გზით.

"როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები[ მზად არიან უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის", - თქვა დონალდ ტრამპმა.

მან დასძინა, რომ აშშ მზად არის, ამ კუთხით დაეხმაროს ევროპელებს.

"ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით კი, სავარაუდოდ, საჰაერო ნაწილზე ვსაუბრობ, რადგან არავის გააჩნია ისეთი აღჭურვილობა, რაც გვაქვს ჩვენ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს არ იქნება პრობლემა", - თქვა დონალდ ტრამპმა.

გუშინ, ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.

დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

დონალდ ტრამის თანახმად, ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თავად დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.