21 წლის ლაშა ჟღენტს, რომელიც ქუჩაში ჩხრეკის დროს პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს, დღეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხავენ. ახალგაზრდა კაცს სხეულზე დაზიანებები ეტყობა.
"ვისაუბრებ ყველაფერს სიმართლეს, რაც გამიკეთეს მანქანაში, რის გამოც ტყუილად წამიყვანეს განყოფილებაში. ვინც შემოწმებაზე მოვიდნენ ჩვენთან, მაგ ორმა შეურაცხყოფა მომაყენა თავიდანვე და მანქანაში ერთ-ერთმა მცემა. ის ვინც საჭესთან იჯდა მაგინებდა, მიხსნიდა, რომ ციხეში ასეთ რამეს გამიკეთებენ და ჩემნაირი ბევრი ჰყავს ჩასმული ციხეში", - ამბობს ჟღენტი საგამოძიებო სამსახურში შესვლამდე.
ადგილზე ჟღენტის დედაც იმყოფება. ოჯახი ასევე აპირებს ექსპერტიზის ბიუროს მიმართოს.
"გუშინ რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემს ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ. ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ. ჩვენ არ გავჩერდებით - ვინც არ უნდა დარეკოს. ჩემი შვილები არიან მართლები და ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით", - თქვა ლაშა ჟღენტის დედამ.
შემთხვევა გოგებაშვილის ქუჩაზე გუშინ, 20 ივლისს მოხდა. ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ პოლიციამ ის გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო. მისივე თქმით, მოხდა ეთიკური ნორმების დარღვევა, რაზეც მან პოლიციას მიუთითა, რის შემდეგაც, ჟღენტის ცნობით, დაიწყო დაკავების ოპერაცია და მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.
ჯერჯერობით უცნობია რა მუხლით დაიწყებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოძიებას, რადგან უწყებაში კომენტარს ჯერ არ აკეთებენ. საგამოძიებო სამსახური განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.