EU-ს ლიდერები: მზად ვართ ტრამპთან და ზელენსკისთან ერთად ვიმუშაოთ სამმხრივი სამიტის მიმართულებით

EU-ს ლიდერები: მზად ვართ ტრამპთან და ზელენსკისთან ერთად ვიმუშაოთ სამმხრივი სამიტის მიმართულებით

ევროპის წამყვანი ლიდერები – საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დიდი ბრიტანეთის პრემიერი კეირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, პორტუგალიის პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი - ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოყენებულ სამშვიდობო ძალისხმევას უკრაინაში ომის დასასრულებლად მხარს უჭერენ.

ლიდერები აღნიშნავენ, რომ 15 აგვისტოს ალასკაში ტრამპის შეხვედრის შემდეგ, მან მათ და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის საქმის ვითარება დეტალურად გააცნო.

„ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ტრამპის მცდელობას, შეაჩეროს უკრაინაში სისხლისღვრა, დასრულდეს რუსეთის აგრესიული ომი და მიღწეულ იქნას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა,“ – წერია განცხადებაში.

ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს დამატებითი მოლაპარაკებები, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკის მონაწილეობით, რომელსაც ტრამპი უახლოეს პერიოდში ვაშინგტონში შეხვდება. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, მხარი დაუჭირონ სამმხრივ სამიტს ტრამპის, ზელენსკისა და ევროპის მონაწილეობით.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს „უმკაცრესი უსაფრთხოების გარანტიები“, რათა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისინი მიესალმებიან ტრამპის განცხადებას, რომ აშშ მზად არის მისცეს ასეთი გარანტიები.

ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ:

  • უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ უნდა შეეზღუდოთ შესაძლებლობები;
  • რუსეთს ვერ ექნება ვეტოს უფლება უკრაინის ევროპულ და ატლანტიკურ ინტეგრაციაზე;
  • საერთაშორისო საზღვრები ძალით არ უნდა შეიცვალოს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება. მზად ვართ გავაძლიეროთ სანქციები და ეკონომიკური ზომები რუსეთის წინააღმდეგ მანამ, სანამ არ დამყარდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.