21 წლის ლაშა ჟღენტი პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. ახალგაზრდა კაცს სხეულზე დაზიანებები ეტყობა. პოლიციამ თავად მოქალაქე დააკავა და ადმინისტრაციული წესით საქმე აღძრა.
როგორც ღლონტი ჰყვება, ის ორ ადამიანთან ერთად თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე იყო, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ჩხრეკა დაიწყო.
"მოინდომეს ზედაპირული გაჩხრეკა და მაგ დროს "ტრუსიკიც" გამოწიეს და ამ შემთხვევაში ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ. თურმე ხელის გაწევა პოლიციისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა და ეგრე პოლიციას არ უნდა ვესაუბრო. ამის გამო მოინდომეს ჩემი პოლიციის მანქანაში ჩატენვა. შიგნით მანქანაში მგუდავდნენ, მირტყეს თავში. გინებითაც მაგინეს", - ყველა ახალგაზრდა კაცი.
ლაშა ჟღენტის სასამართლო პროცესი დღეს, 20 ივლისს გაიმართა. ადვოკატ კახაბერ ჩუბინიძის თქმით, პროცესი მათი შუამდგომლობით გადაიდო. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ ლაშა ჟღენტის დაკავების დროს პოლიციამ უფლებამოსილებას გადააჭარბა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"ოთხი საათი ვეძებდით ბატონ ლაშას, რადგან პოლიცია მის ადგილსამყოფელს გვიმალავდა. ამის გარდა, აღნიშნულ ფაქტს შეესწრო მისი ძმა, მეგობარი და ბებია", - აღნიშნა ადვოკატმა.
შემთხვევის შესახებ ყვება ლაშა ჟღენტის ძმა, ლუკა ჟღენტი. ის ადასტურებს, რომ პოლიციელები აგრესიულები იყვნენ და ლაშა ჟღენტს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. იგი ამბობს, რომ ადგილზე მივიდა მათი ბებიაც, რომელიც პოლიციელების შეჩერებას ცდილობდა, რა დროსაც მანაც დაზიანებები მიიღო:
"ბებიაჩემი მოვიდა, არ ასმევინებდა ეგეც მანქანაში, კარებს არ ახურინებდა და დაძრეს მანქანა და ბებიაჩემი გააფორთხიალეს. დაზიანებები აქვს ბებიაჩემს".