კობახიძე: არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ იარსებებდა

კობახიძე: არ შეიძლება იმაზე საუბარი, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ იარსებებდა

ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს 26 მაისისადმი მიძღვნილ მილოცვასაც უპასუხა.

იგი ამტკიცებს, "რეალური დახმარების ფარგლებში" საქართვლოს ვაშინგტონისთვის 5-ჯერ მეტი აქვს გაცემული, ამიტომ მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე საქართველო ვერ იარსებებდა არ შეიძლება.

"თუ ავიღებთ რეალურ დახმარებას, დაახლოებით 5-ჯერ ნაკლები იქნება ციფრები იმ შეღავათთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მივეცით ამერიკულ მხარეს მარტო ავღანეთსა და ერაყში ჩვენი მონაწილეობით. ამიტომ, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. არ შეიძლება ასევე მუდმივად საუბარი იმაზე, რომ რომ არა ამერიკული მხარდაჭერა, საქართველო არ იარსებებდა. 3000 წელია, არსებობს ჩვენი ქვეყანა. 23 საუკუნეა, არსებობს ჩვენი სახელმწიფოებრიობა, აროგანტობას არ აქვს არანაირი საფუძველი. დიფ სთეითი მძლავრობს, ამას ვხედავთ. თუ დიფ სთეითმა უნდა განსაზღვროს ამერიკული მილოცვები, ამას არავითარი ფასი არ აქვს ჩვენთვის", - აცხადებს კობახიძე.

მილოცვაში რუბიომ აღნიშნა, რომ აშშ-ისა და საქართველოს მეგობრობა ოცდაათ წელზე მეტია დაფუძნებულია დემოკრატიის, სუვერენიტეტისა და უკეთესი მომავლისკენ სწრაფვის საერთო ღირებულებებზე.

"ამ დღეს ვზეიმობთ ქართველი ხალხის ძალასა და გამძლეობას და ჩვენს მტკიცე კავშირებს. ქართველი ხალხის სიყვარული და ერთგულება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი შთამაგონებელია. შეერთებული შტატები კვლავაც ურყევად უჭერს მხარს პარტნიორობას, რომელიც შეესაბამება საქართველოს მისწრაფებებს უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისკენ", - წერს რუბიო.