საგამოძიებო: გამოვლინდა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის მიერ უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები

საგამოძიებო: გამოვლინდა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის მიერ უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოვლენილია "ოცნების" ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის წევრის, ვ.მ.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.

უწყების მტკიცებით, ბურჭულაძის ოჯახის წევრმა 2023 გორში მოაწყო ქარხანა, სადაც "წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას."

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს

"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის ვ.მ.-ს კუთვნილი კომპანიების მიერ, შემდგომი რეალიზების მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები.

გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.მ.-მ 2023 წელს დააფუძნა კომპანიები და ქალაქ გორში მოაწყო სიგარეტის მწარმოებელი არალეგალური ქარხანა, სადაც წლების განმავლობაში ახორციელებდა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის გამოშვებას.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის დამზადება/შენახვის ფაქტზე, 2025 წლის 19 სექტემბერს ბრალდებულის სახით დაკავებულები არიან არალეგალური საწარმოს დამფუძნებელი მოქალაქე ვ.ა., დირექტორი მ.ა. და ამავე საწარმოს უსაფრთხოების უფროსი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის - პირადი დაცვის წევრი ნ.ც.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ზემოაღნიშნული ქარხნიდან და მიმდებარედ არსებული საწყობიდან ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 2 176 341 ლარის საბაზრო ღირებულების ჯამში 323 851 ერთეული კოლოფი უაქციზო სიგარეტი „KARELIA” (კარელია), სიგარეტის დამამზადებელი დანადგარები და წარმოებისთვის აუცილებელი სხვა პროდუქტები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით", - განაცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი 11 სექტემბერს დააკავა.

ბურჭულაძეს ბრალი ედება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მას 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ბურჭულაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 13 სექტემბერს შეეფარდა.