
ბიძინა ივანიშვილი თბილისში არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ქართული ოცნება" ავრცელებს.
"ოცნების" მმართველმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.
"მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა", - უთხრა ივანიშვილმა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს.
თავის მხრივ, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა ივანიშვილთან გამოთქვა მზადყოფნა "დააფინანსოს ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დაეხმაროს თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში."
მან საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის ურთერთობას მნიშვნელოვანი და სარგებლიანი უწოდა.
"მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პირადად თქვენთან შეხვედრის პატივი. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც სტარტს უახლოეს დღეებში აიღებს. ასევე გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ირაკლი კობახიძე, მარიამ ქვრივიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ჟორჟოლიანი.