კელოგი: პუტინს იმპერიის აღდგენა სურს, ის ახლავე უნდა შევაჩეროთ

კელოგი: პუტინს იმპერიის აღდგენა სურს, ის ახლავე უნდა შევაჩეროთ

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ უკრაინაში, კიტ კელოგი ამბობს, რომ რუსეთის გამარჯვება უკრაინაში, კრემლის ლიდერს ვლადიმირ პუტინს NATO-ს წევრ სახელმწიფოზე თავდასხმისკენ უბიძგებს.

ამის შესახებ მან Telegraph-თან ინტერვიუსი ისაუბრა.

კელოგმა ასევე პარალელი გაავლო ამჟამინდელ სიტუაციასა და მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდს შორის.

„რა თქმა უნდა. თქვენ პუტინი და რუსეთი ექსპანსიონისტურ ძალად უნდა აღიქვათ. მას რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს – უბრალოდ, ისტორიას გადახედეთ. მიეცით ერთი ინჩი, წაიღებს ერთ მილს.

1938 წელს მიუნხენში ჰიტლერმა თქვა, რომ მას მხოლოდ სუდეტის ოლქი უნდოდა. შემდეგ რაინლანდი, შემდეგ პოლონეთი, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომში აღმოვჩნდით. ისტორია არ მეორდება, მაგრამ რიტმულია. სწორედ ეს ხდება აქ, უკრაინასთან. ჩვენ ის [პუტინი] ახლავე უნდა შევაჩეროთ", - თქვა მან.

ინტერვიუში კელოგმა ისიც აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერი "კგბ-ს აგენტად ყოფნა არასდროს შეუწყვიტავს."

„მას არ ესმის დასავლეთი. ის თავს ისე აჩვენებს, თითქოს ინგლისურად არ ლაპარაკობს, თუმცა მას ეს შეუძლია და ჩვენ ის რამდენჯერმე გამოვიჭირეთ კიდეც. ის მანიპულატორია. ამის დასაპირისპირებლად ერთადერთი საშუალება სიმტკიცე, ძალა და ძალის გამოყენებაა,“ - განაცხადა კელოგმა.

მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის ტრაბახს ძლიერ ბირთვულ ძალად ყოფნის შესახებ პასუხი უნდა გაეცეს და არ უნდა მოხდეს მისი იგნორირება.

„როდესაც ჩრდილოეთ კორეელმა [კიმ ჩენ ინმა ტრამპს] უთხრა, რომ ისინი ბირთვული ძალა იყვნენ, ტრამპის პასუხი იყო: „მეც ვარ. მეც მაქვს წითელი ღილაკი. ის შენზე დიდია და უკეთაც მუშაობს“. პუტინი რეალისტია და თუ ფსონებს აიწევა, ის უკან დაიხევს", - თქვა კელოგმა.