გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი თბილისში, პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება. მისი თქმით, ღონისძიების ჩაშლით საქართველოს კანონი დაირღვა. ამასთან, ფიშერი თბილისი პრაიდს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, ასევე დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს", - წერს Twitter-ზე ფიშერი.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.