დეკანოზმა გიორგი მამალაძემ 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.
მამალაძის თქმით, ის უდანაშაულოა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ბრძოლას გააგრძელებს.
"ბრძოლა გრძელდება, საზოგადოების დიდმა ნაწილმა სიმართლე ისედაც იცის. პირველ რიგში, ჩემი მთავარი გეგმა - ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებაა. შემდგომ ყველაფერი. მე ვწუხვარ, რომ [ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტს] მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მას მისცემდა იმის უფლებას და საშუალებას, დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით, თუმცა, მიუხედავად ამისა, მე მაინც მიყვარს ის", - თქვა დეკანოზმა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
***
დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაავრცელა. მისი ცნობით, გადაწყვეტილება უდოს კომისიამ მიიღო. თორნიკე მამალაძე აღნიშნავს, რომ დეკანოზის უდანაშაულობისთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა.
მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდში იგი პენიტენციურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.