"დღეიდან უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობას მივხედავთ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ორმაგად და ათმაგად იმისთვის ბრძოლას, რომ ჩემმა ძმამ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს", - ამის შესახებ ფორმულას ეთერში დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.
რაც შეეხება გათავისუფლებას, თორნიკე მამალაძის თქმით, გადაწყვეტილება უდოს კომისიამ მიიღო, სადაც განცხადება გასული წლის ნოემბერში ჰქონდათ გაგზავნილი. მამალაძის თქმით, 5 წელია, რაც დეკანოზის ჯანმრთელობა მძიმეა და ის პარალიზებულია.
"როგორც ვიცი, ჩვენ უდოსთან განცხადება გვქონდა გაგზავნილი წინა წლის ნოემბერში და აქაც უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა. უდოს კომისიას არასდროს ვადა არ უთხოვია, ან პირდაპირ უარს ამბობს, ან პირდაპირ დადებით პასუხს ამბობს, მაგრამ ჩემი ძმის შემთხვევაში, 3-თვიანი ვადა ითხოვა კომისიამ გადაწყვეტილების მისაღებად და ეს 3 თვე 19 თებერვალს იწურებოდა და დღეს უკვე იმავე კომისიამ ჩემი ძმა გაათავისუფლა უდოს გადაწყვეტილებით. მაგრამ აქ მთავარი ისაა, რომ ამ 7 წლიდან 5 წლის განმავლობაში ის საწოლს არის მიჯაჭვული და არცერთმა იმ ორგანომ, ვისაც ეს ეხებოდა, რომ ჩემი ძმის მკურნალობა მომხდარიყო ან ოჯახს შეგვძლებოდა მისი მკურნალობა... ჩვენ ვითხოვდით სასჯელის გადავადებასაც კი, რადგან ჩემი ძმა ფეხზე დამდგარიყო და ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულიყო, მაგრამ არავინ ყურად არ იღო", - ამბობს მამალაძე.
როგორც დეკანოზის ძმა ამბობს, საზოგადოებას დახურული სასამართლო სხდომებისა და საქმის მასალების შესახებ ეტაპობრივად მიაწვდიან ინფორმაციას.
"მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ არცერთ შემთხვევაში, ჩვენ ბრძოლა არ გაგვიჩერებია, არ გავაჩერებთ. ჩემი ძმა არის უდანაშაულო. მას რომ მიეღო ის გადაწყვეტილება, რასაც პროკურატურა სთხოვდა, რომ ეღიარებინა თავდაპირველად პატრიარქის მკვლელობა და შემდეგ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება, იმ წუთასვე გაათავისუფლებდნენ და არათუ 7 წელი, არამედ ერთი კვირის გატარებაც არ მოუწევდა ციხეში. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არანაირი მკვლელობის მომზადება არ იგეგმებოდა, რა თქმა უნდა, ჩემმა ძმამ არცერთ შემთხვევაში არ აღიარა მსგავსი დანაშაული. დღეიდან უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობას მივხედავთ და შემდეგ უკვე გავაგრძელებთ ორმაგად და ათმაგად იმისთვის ბრძოლას, რომ ჩემმა ძმამ თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. ის, რომ სასამართლოები დახურული იყო და საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ მიეწოდებოდა, ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას და დაინტერესებულ პირებს ის მაქსიმალური ინფორმაცია, რასაც ამ საქმეში ტაბუ ადევს, ცნობილი გახდეს", - ამბობს მამალაძე.
***
ცოტა ხნის წინ თორნიკე მამალაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფალია.
"7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ ჩემი ძმა დეკანოზი გიორგი თავისუფალია", - დაწერა მან.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა. დეკანოზი დანაშაულის ჩადენას უარყოფდა.