ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩებთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო ელჩებთან შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპისის წარმომადგენლებსა და მაკა ბოჭორიშვილის მოადგილეს გიორგი ზურაბიშვილს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ქართული ოცნების საგარეო მინისტრის მოადგილემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თვითმმართველობის არჩევნებსა და 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე მიაწოდა ინფორმაცია.

"საგარეო საქმეთა სამინისტროში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის, შედეგების, ასევე 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შესახებ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, 4 ოქტომბრის არჩევნებს 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი ორგანიზაცია, ასევე 73 მედია საშუალების დაახლოებით 1 000 წარმომადგენელი აკვირდებოდა. საერთო შეფასებამ კი დაადასტურა, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდობიან, გამჭვირვალე პირობებში, საარჩევნო პროცესი ადმინისტრირებული იყო პროფესიონალურად და საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, თავისუფლად ესარგებლათ დემოკრატიული უფლებებით.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გახმოვანდა ძალადობრივი შინაარსის მოწოდებები, სამართალდამცველებმა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს მიმართეს საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით.

გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე 4 ოქტომბრის მოვლენების ადეკვატური შეფასების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საერთაშორისო პარტნიორები გაემიჯნონ და დაგმონ აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებები, რომლის შედეგადაც დაშავდა არაერთი სამართალდამცველი და ჟურნალისტი, დაზიანდა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დიპლომატებს დაუდასტურა სამინისტროს ღიაობა და მზაობა განაგრძოს თანამშრომლობა პარტნიორებთან და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.

***

დღეს ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩები დაიბარეს. მათთან შეხვედრას ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი ხელმძღვანელობდა

ელჩებთან შეხვედრის ინიციატორი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო.

შეხვედრის პარალელურად, ქართულ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც ელჩების ქვეყნიდან გაძევების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება და თქვეს, რომ "მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე დიფ სთეითის მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას".

საგარეოში შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ელჩების დაბარების მიზანი - "4 ოქტომბრის არჩევნებთან და ამ დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათთვის ინფორმაციის მიწოდებაა".

ჟურნალისტის კითხვაზე, დაიბარეს თუ არა საერთაშორისო დიპლომატები "საყვედურისთვის", ბოჭორიშვილი პასუხად ამბობს: "ელჩები საყვედურისთვის არ დაგვიბარებია, ელჩები დავიბარეთ იმისთვის, რომ მიგვეწოდებინა ობიექტური ინფორმაცია".

ფორმულას ჟურნალისტმა მას ასევე ჰკითხა, რატომ საუბრობს ქართული ოცნება ელჩების გაძევებაზე, თუ ამისთვის არ ემზადება - მაკა ბოჭორიშვილმა კითხვას კონკრეტულად ვერ უპასუხა და თქვა, რომ "საქართველო ინარჩუნებს მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვუფრთხილდებით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობებს".