
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა "ნეტგაზეთთან" დაადასტურა, რომ მათ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად, აშშ-ში საქართველოს ელჩ, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
სახდეპში გამოცემას განუცხადეს, რომ "ოცნების" წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია "არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს."
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს ელჩ თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვა, რათა დაეფიქსირებინა ჩვენი წინააღმდეგობა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების იმ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ცნობებს აძლიერებდა. ეს ინფორმაცია არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.
განმარტების ძიების ნაცვლად, საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებმა ამჯობინეს მედიით გავრცელებული ამ მცდარი ინფორმაციის ტირაჟირება, რითაც აშშ-ის საელჩოს ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებისთვის შევიწროებისა და დაშინების ატმოსფერო შეიქმნა.
სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური სერვისების ცენტრი ბანგკოკში ასრულებს რუტინულ, თუმცა კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს მთელი მსოფლიოს მასშტაბით თანხების განაწილებაში აშშ-ის მთავრობის საქმიანობის მხარდასაჭერად. ეს ფინანსური სერვისების ცენტრი გასცემს სახელფასო ანაზღაურებას ამერიკელი და ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი ქვეყნების მთავრობებისა და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, — განუცხადეს "ნეტგაზეთს" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ელჩი ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს.
მათივე ცნობით, თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება "ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს "ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების" შესახებ.
აშშ-ის საელჩოს სპიკერის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა "სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ".
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ 1-ელ ოქტომბერს თქვა, რომ ამტკიცებს, რომ "ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩო საქართველოში ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს აფინანსებს". მდინარაძემ ამ კონსპირაციაზე პროპაგანდისტული ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
მდინარაძის მტკიცებით, "დაახლოებით 95-98%-ის შემთხვევაში, ეს თანხა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს, მათ რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანებს ხმარდება".