
"ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ 1 ადამიანი დააკავეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი ნ.ს დააკავეს.
სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მიცემის მიზნით.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, პოლიციამ მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერსვე დააკავა.
მათ 7 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კი შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს 13 ადამიანი.
ხოლო გუშინ დარახველიძემ, კიდევ 4 ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.
აღნიშნულ 17 ადამიანს თავისუფლების 9-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.