
ევროპარლამენტარები საქართველოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.
ისინი წერენ, რომ ადგილობრივი არჩევნები საქართველოში სამოწალააო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის ზეწოლის ფონზე ჩატარდა.
მათ ასევე წუხილი გამოთქვეს ეუთო/ოდირის დაგვიანებულ მოწვევასთან დაკავშირებით.
„საქართველოს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართა, შედგა შემზღუდველ გარემოში, სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, თვეების განმავლობაში მიმდინარე ზეწოლის ფონზე. ჩვენ ვწუხვართ იმ ფაქტის გამო, რომ ხელისუფლებამ ფაქტობრივად ხელი შეუშალა სანდო საარჩევნო დამკვირვებლების ყოფნას, ეუთო/ოდირის დაგვიანებული მოწვევით და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვით, რამაც ხელი შეუშალა ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას", - წერენ ევროპარლამენტარები.
ისინი ასევე შეშფოთებას გამოხატავენ 4 ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი ქმედებების გამო.
ისინი ასევე შეშფოთებას გამოთქვამენ "ოცნების" ხელისუფლების მხრიდან ევროკავშირის ელჩების მიმართ წარმართული აგრესიულ კამპანიასთან დაკავშირებით.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ არჩევნების შემდეგ ქუჩებში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებებით და მოვუწოდებთ ყველა მხარეს სიმშვიდისკენ. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს თავდასხმა დემოკრატიაზე და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს მომიტინგეების დაკავება და გაათავისუფლოს დაკავებულები. ჩვენ ასევე ვწუხვართ ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მზარდი აგრესიული კამპანიის გამო, მათ შორის ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებზე პერსონალური თავდასხმების გამო", - წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები ასევე გმობენ "ოცნების" გაცხადებულ განზრახვას აკრძალოს 4 ოპოზიციური პარტია.
ისინი მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დაუწერონ "ოცნების" ლიდერებს პერსონალური სანქციები.
"ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ დეკლარირებულ განზრახვას აკრძალოს ოპოზიციური პარტიები, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალ კულმინაციას მოასწავებს. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და შემოიღონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ მთავარი პოლიტიკური ლიდერებისა და ოფიციალური პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუსვლისთვის, საარჩევნო გაყალბებისთვის, ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნისთვის, კერძოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ", - წერენ ევროპარლამენტარები.
განცხადების ავტორები არიან:
დევიდ მაკალისტერი - საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე
მუნირ სატური - ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
სერგეი ლაგოდინსკი - Euronest საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე
ნილს უშაკოვსი - სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარე
რასა იუკნევიჩიენე - საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი