თეთრი სახლის ცნობით, აშშ და მოკავშირეები უკრაინასთან ერთად რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ მარცვლეულის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე მუშაობენ.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეულის შესაბამის ბაზრებამდე მიტანის საუკეთესო გზა ზღვის გავლითაა, მოკავშირეები მუშაობენ სახმელეთო ალტერნატივებზეც.
"ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ევროკავშირში, ვმუშაობთ უკრაინასთან და სხვა ევროპულ პარტნიორებთან, რათა ვნახოთ თუ არის სხვა გზები, რომ მარცვლეული მიწის გავლით მივიტანოთ ბაზრებამდე. თუმცა ეს არაა იმდენად ეფექტური. ამ მარცვლეულის ბაზრამდე მიტანის საუკეთესო გზა საზღვაო გზებითაა, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ, რათა ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია" - განაცხადა ჯონ კირბიმ.
17 ივლისს რუსეთის ხელისუფლებამ მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ შეთანხმების ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, "ამ დრომდე არ შესრულებულა".
ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კიევს შეუძლია მარცვლეულის მიწოდება შავი ზღვის დერეფნის გავლით გააგრძელოს. კრემლმა უპასუხა, რომ მხარეებმა, რომლებიც ცდილობენ გააგრძელონ მარცვლეულის შეთანხმების განხორციელება რუსეთის მონაწილეობის გარეშე, უნდა გაითვალისწინონ ის რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის მარშრუტი საბრძოლო ზონის მახლობლად გადის.
19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი სამხედრო ტვირთის პოტენციურ მატარებლად განიხილება.
თეთრი სახლის ცნობით, რუსეთი, შესაძლოა, შავ ზღვაში სამოქალაქო გემებს დაესხას თავს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ადამ ჰოჯის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებით საზღვაო ნაღმები განათავსა.