ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28.22%-ია

ცესკო: 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 28.22%-ია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ 15:00 საათის მდგომარეობით, ხმა მისცა 991 651-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის - 28.22%-ია.

ცესკო-ში ამბობენ, რომ კენჭისყრა ძირითადად მშვიდ და პროფესიულ გარემოში მიმდინარეობს.

"რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით - მიუხედავად იმისა, რომ ჩართულმა მხარეებმა იციან საჩივრების წარდგენის პროცედურები, გვესმის დაუსაბუთებელი ბრალდებები. კიდევ ერთხელ შეგვიძლია განვმარტოთ, რომ საჩივრის დაწერას აქვს შესაბამისი პროცედურები და ეს აუცილებლად უნდა იყოს დაცული.

ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 5 საჩივარი, რომელიც შეეხება შემდეგ საკითხებს - ფოტო/ვიდეო გადაღების წესის დარღვევა, კენჭისყრის შენობის მოწყობის წესის დარღვევა, საარჩევნო უბნის გარეთ ამომრჩევლების აღრიცხვა", - ამბობს ცესკო-ს სპიკერი ნათია იოსელიანი.

ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, 15:00 საათის მონაცემებით თბილისში 231 015 ამომრჩეველი მივიდა, რაც თბილისში რეგისტრირებული ამომრჩევლის 22.14%-ია. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 15:00 საათის მონაცემებით თბილისში 307 642 ამომრჩეველი იყო მისული - 30.7%.

ცესკო-ს თანახმად, ქვეყნის მასშტაბით 3 061 საარჩევნო უბანია გახსნილი, რომელთაგან 2 284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 777 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება. ასევე, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებებში გაიხსნა.

ცესკო-ს მიხედვით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818 ამომრჩეველს შეადგენს - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 130 348 ამომრჩეველი მიიღებს.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით 33.18% იყო - 1 160 413 ამომრჩეველი.