ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა სპეციალურად დაუმიზნეს მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას

ზელენსკი: რუსმა ტერორისტებმა სპეციალურად დაუმიზნეს მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.

ზელენსკი ამბობს, რომ რუსების ყოველი რაკეტა დარტყმაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანი მსოფლიოს უსაფრთხოებისთვისაც.

"რუსი ტერორისტები აბსოლუტურად მიზანმიმართულად უმიზნებდნენ მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას და ყველა რუსული რაკეტა - ეს არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოში, ვინც იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის", - წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამხედროებს ხალხის დაცვა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება დაევალათ. რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მისი თქმით, უწყების ამოცანაა გააძლიეროს კონტაქტები პარტნიორებთან ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაზრდელად და ასევე უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ჩვეულ ტემპში გასაგრძელებლად.

***

22 ივლისს სტამბულში უკრაინასა და რუსეთს შორის დაიდო შეეთანხმება, რომლის მიხედვითაც უკრაინის შავი ზღვის 3 პორტზე: ოდესაზე, ჩორნომორსკსა და "სამხრეთის" პორტებზე ბლოკადა მოიხსნებოდა და ქვეყანა მარცვლეულისა და სხვა აგრიკულტურული პროდუქტების ექსპორტს შეძლებდა. რუსეთმა კი პირობა დადო, რომ მიზანში არ ამოიღებდა პორტს, სანამ აქ მარცვლეულით დატვირთული გემები იმოძრავებდნენ.

შეთანხმება 2023 წლის 18 მარტს 120 დღით გაგრძელდა. რუსეთი თვლის, რომ დაპირებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისა და სასუქის ექსპორტზე შეზღუდვის მოხსნის დაპირება არ შესრულდა.

2023 წლის 20 მარტს რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით თავისი მოთხოვნები წამოაყენა და დაიმუქრა, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, უფასო მარცვლეულს აფრიკის ქვეყნებში გააგზავნიდა.

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივება სთხოვა; სანაცვლოდ კი მას სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, Rosselkhozbank-ის, საერთაშორისო გადახდის სისტემასთან (SWIFT) დაკავშირება შესთავაზა. ევროკავშირმა აღნიშნული ბანკი SWIFT-ის სისტემიდან 2022 წლის ივნისში გათიშა.

მარცვლეულის ძალის შეთანხმებით ექსპორტზე უკანასკნელი გემი, რომელიც ოდესის პორტში დაიტვირთა გუშინ, 16 ივლისს გავიდა. აღსანიშნავია, რომ რუსეთს 27 ივნისის შემდეგ ახალი გემები აღარ დაურეგისტრირებია.

პირობების შეუსრულებლობისა და რუსული საქონლის ექსპორტის შეფერხების ბრალდებით კრემლი მრავალჯერ დაიმუქრა, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავა.