
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან "პოლიტიკაზე და ურთიერთობებზე" ისაუბრა.
Facebook-ზე გუშინ გამოჩნდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ირაკლი კობახიძე EPC-ის სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტის გვერდით ზის და ელაპარაკება. საუბრის დეტალების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მითითებული არ არის.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სამიტის ფარგლებში "ძალიან კონსტრუქციული საუბრები ჰქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან და ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ საქართველო-EU-ს შორის ურთიერთობები გადაიტვირთოს".
"თქვენც ხვდებით, ალბათ, რომ კალათბურთზე არ მისაუბრია ბატონ მაკრონთან, ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე. რაც შეეხება შეხვედრებს, შეხვედრებს აქვს დახურული ხასიათი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ ამ შეხვედრების შინაარსზე. ძალიან კონსტრუქციული საუბრები მქონდა რამდენიმე მაღალი დონის ლიდერთან, მათ შორის ბატონ მაკრონთან, ზოგადი სურვილი გამოიხატა არაერთი ლიდერის მხრიდან, რომ გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. დანარჩენი დამოკიდებულია ქმედით ნაბიჯებზე, ნაბიჯები ორივე მხრიდან უნდა გადაიდგას", - ამბობს ის.