
თვითმმართველობის არჩევნებამდე და პარალელურად, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციამდე 1 დღით ადრე ქართული ოცნების პრემიერი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს "ძალადობრივი დანაშაულისთვის ბევრად მკაცრი სასჯელით" ემუქრება.
ეს განცხადება მან ბრიფინგზე გააკეთა და თქვა, რომ "ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ".
"მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს, ან და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს ენმ-მ, ახალმა, ლელომ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.
თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. გარდა ამისა, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ. შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4-ნახევარ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს", - თქვა კობახიძემ.