
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის ინტერვიუს "ზღაპარს" უწოდებს.
ფორმულა მას კითხვით დაუკავშირდა, თუმცა პასუხად მან განაცხადა, რომ "ზღაპრებზე კომენტარს არ აკეთებს".
"ზღაპრებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ, კარგად ბრძანდებოდეთ", - ამბობს ის.
ამავე თემაზე ფორმულა დაუკავშირდა სასამართლო კლანის წევრ ლევან მურუსიძესაც. მან თქვა, რომ ბესარიონ ალავიძის განცხადება "აბსურდული თემაა".
ლევან მურუსიძემ სიცრუე უწოდა ბესარიონ ალავიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა ის [ბესარიონ ალავიძე] კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემუქრნენ და ამბობს, რომ 12-13 წელია საერთოდ არ ჰქონია მასთან კონტაქტი.
***
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ "ურჩევს საქმეებს" სასამართლო კლანი მოსამართლეებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეთა კლანი.
ის ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემქურნენ.
ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არაერთ საქმეზე საუბრობს, რომელზეც გადაწყვეტილებები, მისი თქმით, სწორედ ზემოხსენებული მოსამართლეებისა და მთავრობის ჩარევით, წინასწარ მიიღებოდა.
კერძოდ, ის ახსენებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების საქმეს, მაესტროს წილებზე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავას და ა.შ.
ალავიზე ამბობს, რომ მასე განხორციელებული ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი თვითმკვლელობასაც განიხილავდა.