
სასამართლო კლანის წევრი ლევან მურუსიძე ფორმულასთან ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის განცხადება "აბსურდული თემაა".
ის ამტკიცებს, რომ ბესარიონ ალავიძის მიზანი - "უცხოეთში თავშესაფარის მიღებაა".
ლევან მურუსიძე სიცრუეს უწოდებს ბესარიონ ალავიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა ის [ბესარიონ ალავიძე] კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემუქრნენ და ამბობს, რომ 12-13 წელია საერთოდ არ ჰქონია მასთან კონტაქტი.
"მისი მთავარი მიზანი ყოფილა, რომ უცხოეთში მიეღო თავშესაფარი, ხომ. ისეთი აბსურდული თემაა. ეს არის განაწყენებული ადამიანი, რომელიც უზენაეს სასამართლოში რომ ვერ დარჩა მოსამართლედ, შესაბამისად... თუ რამე მტკიცებულებები აქვს, წარმოადგინოს. წარმოადგინოს [თუ აქვს მტკიცებულებები]. 12-13 წელია საერთოდ არ მქონია კონტაქტი, არ შევხვედრივარ და არანაირი კონტაქტი მასთან არ მქონია. ვერავითარი მტკიცებულება ვერ ექნება - როგორ აბსურდულ რაღაცას იძახის. [...]
რა კაფეში შეხვედრის ეპიზოდი? როგორ გავურჩიე [საქმე]? იძახის, ჩემი ნების გარეშე წამიყვანეს კაფეშიო. რა, საბარგულში ჩავტენე? მერე ხმამაღლა მიყვიროდნენო... რა კაფეში, არა [არ შემდგარა შეხვედრა]. [...] არჩევნები რომ არის, უბრალოდ დაგჭირდათ რაღაც და შესაბამისად, ეს თემა წამოწიეთ", - ამბობს ის.
ჟურნალისტის კითხვას, მზად არის თუ არა საქმეზე გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ჩვენება მისცეს, მურუსიძე პასუხობს:
"მე ზოგადად პრობლემა არ მაქვს, ნებისმიერი რაღაც ჩვენება მივცე, იმიტომ რომ ეს აბსურდული თემაა, მაგრამ იმდენად სასაცილო თემაა", - ამბობს მურუსიძე.
სასამართლო კლანის წევრი კვლავ აქებს ქართული ოცნების ხელისუფლებას და ამბობს, რომ მათი მმართველობის პირობებში "სასამართლო გახდა დამოუკიდებელი".
"ქართული ოცნების მმართველობის პირობებში სასამართლო გახდა დამოუკიდებელი - მე მიმუშავია ადრეც და მიმუშავია ახლაც და უამრავ მოსამართლეს, თქვენც გაგიპიარებიათ ხოლმე, მიუღია ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც, საერთოდ, შეიძლება არ აწყობს ხელისუფლებას, მაგრამ ვინმეს რამე ღერი თმა ჩამოვარდნია თმიდან?", - ამბობს ის.
***
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ განაცხადა, რომ მას აქვს ჩანაწერი რომელშიც ასახულია, როგორ "ურჩევს საქმეებს" სასამართლო კლანი მოსამართლეებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.
მანამდე, იურისტმა კახა წიქარიშვილმა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის ინტერვიუ გაასაჯაროვა, რომელშიც ალავიძე ჰყვება, როგორ ახორციელებდა ზეწოლას მასზე და მის კოლეგებზე მოსამართლეთა კლანი.
ის ამბობს, რომ ლევან მურუსიძემ, მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერიან ცერცვაძემ, ვასილ როინიშვილმა იგი კაფეში დაიბარეს და "ტვინის გასხმევინებით" დაემქურნენ.
ინტერვიუში ყოფილი მოსამართლე არაერთ საქმეზე საუბრობს, რომელზეც გადაწყვეტილებები, მისი თქმით, სწორედ ზემოხსენებული მოსამართლეებისა და მთავრობის ჩარევით, წინასწარ მიიღებოდა.
კერძოდ, ის ახსენებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის შესახებ დავას, რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის მიკუთვნების საქმეს, მაესტროს წილებზე ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის დავას და ა.შ.
ალავიზე ამბობს, რომ მასე განხორციელებული ზეწოლა იმდენად მძიმე იყო, რომ იგი თვითმკვლელობასაც განიხილავდა.