ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ანა წითლიძის თქმით, ქართული ოცნება წინასაარჩევნოდ დასახმარებლად ე.წ. კანონიერ ქურდებს მიმართავს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა და სქემაში ჩართული რამდენიმე ე.წ. კანონიერი ქურდის სახელი და გვარი გაასაჯაროვა.
მისივე თქმით, ზუგდიდში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები ამომრჩევლის დაშინებისა და ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევის დავალებას გასცემენ.
"რამდენიმე დღის წინ ზუგდიდში, კომბინატის უბანში ჩატარდა ე.წ. სხადნიაკი, სადაც ორი ზუგდიდელი კანონიერი ქურდის სახელით ირაკლი მარღია და ლევან ყალიჩავა, ე.წ. ძველ ბიჭებს დაავალეს, რომ იმუშაონ ქართული ოცნების სასარგებლოდ.
მათ აქვთ ორი დავალება, პირველი რომ დააშინონ ადგილობრივი მოსახლეობა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობა არ მივიდეს არჩევნებზე და მეორე, მონაწილეობა მიიღონ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი", - განაცხადა წითლიძემ.
მანამდე, რამდენიმე დღის წინ, ანა წითლიძემ გაასაჯაროვა ზუგდიდის საკრებულოს წევრის, აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებისა და ქართული ოცნების დელეგატის მამის სახელები და გვარები, რადგან წითლიძის ინფორმაციით, ისინი პირადობის მოწმობების სქემაში მონაწილეობენ.