ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანა წითლიძემ განაცხადა, რომ ზუგდიდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობის მოწმობებს ართმევენ. მან კონკრეტული პირები დაასახელა, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ, მისივე თქმით მათ შორის არიან მერიის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში.
"ქართულმა ოცნებამ, რომელმაც იცის, რომ ტოტალურად წაგებული აქვს არჩევნები ზუგდიდში, სამეგრელოსა და მთელს საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო და რა ინფორმაციაც ჩვენ გვქონდა, ვავრცელებდით მანამდეც, დაიწყო პირადობის მოწმობების ჩამორთმევის პროცესი ადამიანებისთვის, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილები.
ქართულ ოცნებას, რომელსაც ჰგონია, რომ პირადობის მოწმობების ჩამორთმევით შეცვლის საარჩევნო შედეგებს ზუგდიდში, სამეგრელოში და მთელს საქართველოში, თქვენ არ გეყოფათ რესურსი იმისთვის, რომ პირადობის მოწმობები ჩამოართვათ ადამიანებს, იმიტომ რომ, ქართული ოცნების მხარდამჭერები თითითა და სანთლით არის საპოვნელი", - თქვა წითლიძემ ბრიფინგზე.
ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის ცნობით, ქართული ოცნება საკუთარ ამომრჩეველსაც არ ენდობა და პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ართმევს. მან ასევე გაასაჯაროვა ზუგდიდის საკრებულოს წევრის, აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებისა და ქართული ოცნების დელეგატის მამის სახელები და გვარები, რადგან წითლიძის ინფორმაციით, ისინი პირადობის მოწმობების სქემაში მონაწილეობენ.
"ოთარ კოდუა - ქართული ოცნების დელეგატის, დავით კოდუას მამა, რომელსაც ზუგდიდის მთელი დაბალი ზონა აქვს ჩაბარებული და პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე მუშაობს [...] ასევე, თაზო ფაცაცია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოს წევრია [...] ზაალ და პეტრე გეგეჭკორები [...] აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლები ზაზა გოგუა და თემურ ბოკუჩავა, რომლებსაც პირადობის მოწმობების ჩამორთმევის დავალება აქვთ მიღებული", - განაცხადა წითლიძემ.