
გამოცემა Sky News-ი უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არ არის აშშ-სთან იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად.
"შეთანხმება ჯერ არ არის მზად გასაფორმებლად, არის მთელი რიგი პრობლემური საკითხები და პროექტის ამჟამინდელი ფორმით პრეზიდენტი არ არის მზად მის მისაღებად.
ამჟამინდელი პროექტები არ ასახავს პარტნიორობას და მხოლოდ უკრაინის ცალმხრივ ვალდებულებებს შეიცავს", - წერს გამოცემა წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე, The Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია იმის შესახებ გაავრცელა, რომ აშშ-მა და უკრაინამ იშვიათი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, შესაძლოა, ხელი დღეს მოაწერონ.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კიევმა აშშ-ს მიერ გამოყოფილი და გაცემული სამხედრო დახმარების ასანაზღაურებლად 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წიაღისეული მოაწოდოს.