Red Wings - საქართველოში ფრენის ნებართვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ მოითხოვა

Red Wings - საქართველოში ფრენის ნებართვა კიდევ ერთმა რუსულმა ავიაკომპანიამ მოითხოვა

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი საქართველოში ფრენით არის დაინტერესებული. ინფორმაციას Tass კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ რეისების შესრულება თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში სურთ.

მათივე ცნობით, კომპანიამ უკვე გამოითხოვა განრიგი რეისების შესასრულებლად.

"ვადასტურებთ, რომ Red Wings არის დანიშნული გადამზიდავი საქართველოში. ავიაკომპანიამ უკვე გამოითხოვა სლოტები [განრიგი] მოსკოვი-თბილისის, ქუთაისის და ბათუმის მიმართულებით. განრიგის შედგენისა და რეისების დაწყების პროცესში კომპანია რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით იხელმძღვანელებს", - აცხადებენ ავიაკომპანიაში.

რუსული სააგენტო Interfax-ი წერს, რომ Red Wings კვირაში 21 რეისის შესრულების სურვილი აქვს.

რუსული ავიაკომპანია Red Wings-ი უკრაინის და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებების მიერ არის სანქცირებული.

***

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია Азимут-მა საქართველოდან ნებართვა მიიღო და 17 მაისიდან ფრენებს შეძლებს. ხსენებული ავიაკომპანია უკრაინის ხელისუფლების მიერ არის დასანქცირებული, ისევე როგორც მისი სამივე მფლობელი. გარდა ამისა, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არის Азимут-ის თვითმფრინავების მწარმოებელი კომპანია Сухой-ც.

რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შესრულების მოთხოვნით განცხადება წარდგენილი აქვს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-საც.