"ოპერირებს რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში" - Азимут-ი უკრაინაში სანქცირებულია

"ოპერირებს რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში" - Азимут-ი უკრაინაში სანქცირებულია

რუსული ავიაკომპანია Азимут-ი, რომელმაც საქართველოდან ნებართვა მიიღო და 17 მაისიდან ფრენებს შეძლებს, უკრაინის ხელისუფლების მიერ არის სანქცირებული.

სანქცირებულთა სიაში ასევე კომპანიის სამივე დამფუძნებელი მოხვდა - ვიტალი ვანცევი, პაველ უდოდი და პაველ ეკჟანოვი. კომპანიის ხელმძღვანელობა ოფიციალური კიევის ე.წ. შავ სიაში ჯერ კიდევ გასული წლის 19 ოქტომბერს მოხვდა, იგივე პერიოდში განხორციელდა კომპანია Азимут-ის დასანქცირებაც.

Азимут-ის მენეჯმენტის დასანქცირების მიზეზად უკრაინულმა მხარემ ომის მხარდაჭერა დაასახელა. კერძოდ, როგორც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვებგვერდზე განთავსებულ განკარგულებაშია ნათქვამი - ვანცევი, უდოდი და ეკჟანოვი ჩართულები არიან რუსეთის მატერიალურ მხარდაჭერაში (ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და სხვა), რაც "ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას".

რაც შეეხება თვითონ Азимут-ის დასანქცირების მიზეზს, ზელენსკის განკარგულების თანახმად, "კომპანია ოპერირებს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალ მატერიალურ (ტრანსპორტი, ლოჯისტიკა და სხვა) მხარდაჭერას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას".

გარდა ამისა, Азимут-ის თვითმფრინავებს, რუსეთში ყველაზე დიდი საავიაციო ჰოლდინგი Сухой აწარმოებს, რომელიც თავის მხრივ ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის მიერ არის დასანქცირებული.

კომპანია Сухой-ის ე.წ. Sukhoi Superjet 100 ჰყავს - ავიაკომპანიის მთავარი მიზანი რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო აღჭურვილობით უზრუნველყოფაა. ჰოლდინგის მთავარი პროდუქცია Су-ს ტიპის სამხედრო თვითმფრინავებია, რომლებიც რუსული ავიაციის მთავარ ძალას წარმოადგენს.

Сухой ამ დროისთვის აწარმოებს როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებს.

2019 წლის 15 მარტს ავიაკომპანია Сухой კანადის ხელისუფლებამ დაასანქცირა - გადაწყვეტილება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას უკავშირდებოდა. 2022 წლის 8 ივნისს კომპანია ახალმა ზელანდიამ და შვეიცარიამაც დაასანქცირეს, რაც უკრაინაში ომს უკავშირდება.

ამასთან, Азимут-ის საიტზე, სადაც მომხმარებლებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნებად არიან მითითებული.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან, ანუ დღეიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

***

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.