Georgian Airways-ის დირექტორის თამაზ გაიაშვილის თქმით, მოსკოვი-თბილისის ფრენებზე მოლოდინი არ გამართლა და ბორტზე 50%-იანი დატვირთვაც კი არ არის.
რადიო თავისუფლებასთან მან ისაუბრა, რომ ჯერ კონკურენციაც კი არ არის, თუმცა ამის მიუხედავად, თვითმფრინავის მხოლოდ 40% ივსება.
"რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის... მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა - როგორც ქუხს, ისე არ წვიმს... ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრისმომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას... ორი-სამი რეისია შესრულებული - 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით... ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი... არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ. მე, მაგალითად, გათვლები არ მქონდა", - განაცხადა გაიაშვილმა.
გაიაშვილი ფრენების აღდგენის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, მან ამისთვის საქართველოს მთავრობაც შეაქო და მას ეროვნული უწოდა, ფრენების მოწინააღმდეგეები კი გალანძღა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
19 მაისს პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
რუსეთში იფრენს ქართული ავიაკომპანიაც - Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან 16 მაისს მიიღო და პირველი რეისი 20 მაისს შეასრულა.