
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთში, "რუმინეთის ხსნის კავშირის" ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად არჩევისას, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში "პრაქტიკულად ყველა ფორმის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დადგებოდა".
"როცა პირველად ამირჩიეს საქართველოს ქალ პრეზიდენტად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიხილავდი დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხეში აღმოჩნდებოდა, კითხვის ქვეშ დადგებოდა და თანდათან გაქრებოდა.
ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი, როგორ აპატიმრებენ პროევროპული პარტიების ლიდერებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას სურს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მედიაგარემო, რომელიც საქართველოში ყვაოდა, ერთი მეორეს მიყოლებით გაქრებოდა, იძულებით, ფინანსური ან სხვა შეზღუდვების გამო. და დღეს საქართველო ამ გზაგასაყარზე იმყოფება.
ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მოსული, (ამას მოგვიანებით დავბრუნდები) გადაწყვიტა, დაარღვიოს არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ ხალხის ნება, რომელიც არაერთხელ გამოხატეს: აირჩიოს მკვეთრი გზა შორს ევროპისა და შორს დემოკრატიისგან. და როდესაც საქართველო ზურგს აქცევს ევროპას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დარჩენილია მხოლოდ ერთი - ირჩევ რუსეთს", - თქვა მან.
მან რუმინეთსა და საქართველოზე ერთ კონტექსტშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანა ერთსა და იმავე ზეწოლას განიცდის - უცხოურ ჩარევასა და პოლარიზაციას.
"რუმინეთსა და საქართველოს განსხვავებული გზები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ საერთო ბრძოლაც გვქონია. თქვენ, როგორც ევროკავშირის ძველი წევრი და საქართველო, როგორც ჯერ კიდევ იმედიანი კანდიდატი ქვეყანა, განსხვავებულ ეტაპებზე ვართ. თუმცა, ორივე ქვეყანა ერთი და იგივე ზეწოლას განიცდის: უცხოურ ჩარევასა და პოლარიზაციას, რომელიც ასევე უცხოელთა ხელშეწყობით ძლიერდება და საფრთხეებია ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. სულ ცოტა ხნის წინ რუმინეთმაც გაიარა სერიოზული გამოწვევები: დეზინფორმაცია, პოლარიზაცია, არჩევნებში ჩარევა, მაგრამ თქვენი ისტორია აქ არ დასრულებულა.
თქვენ არ დანებდით, პროევროპული ძალები მტკიცედ იდექით და დღეს ზეიმობთ. ამით რუმინეთი გაძლიერდა, მეტი ერთიანობა მოიპოვა, გააზრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფუძნა და კიდევ უფრო მტკიცედ დაუდგა მხარში იმ ღირებულებებს, რაც არამხოლოდ რუმინელებად, არამედ ევროპელებადაც გაქცევთ. ეს არ არის მხოლოდ შთამაგონებელი ისტორია, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატია დასაცავია, რომ ბრძოლა ღირს!
ეს არის გზავნილი, რომელიც უნდა გავუზიაროთ მათაც, ვინც, როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ იბრძვის ევროპული ოჯახის წევრობისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დასაცავად", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ ქვეყანაში რეპრესიების, დაშინებისა და კონტროლის მიუხედავად, საზოგადოება არ ნებდება.
"მათთვის დემოკრატია და მშვიდობა არაა აბსტრაქტული იდეალები, არამედ რეალური ყოველდღიური არჩევანია. თუმცა დღეს, ამ დიდი უმრავლესობის ნება უგულებელყოფილია. მმართველი ძალა ზურგს აქცევს ევროპას, ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონებს, კრემლის სტილის წესებს, კრემლში დაწერილ კანონებს, ავიწროებს განსხვავებულ აზრს.
200-ზე მეტი დღეა, რაც ქუჩაში პროტესტია. დამოუკიდებელი მედიები იბრძვიან არსებობისთვის, ოპოზიციური ლიდერები ციხეში სხედან, 60-მდე აქტივისტი ელოდება განაჩენს. საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს 9 თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. ჟურნალისტი ქალი, მზია ამაღლობელი, ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის ექვსიდან ცხრამეტ წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს.
ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს, ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭვქვეშ აყენებს. უკვე რვა თვეა, საქართველო იბრძვის ქუჩაში, არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციალური კრიზისია. ეს არის ომი, ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის ის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკვე სამი წელია გმირულად უმკლავდებიან, საკუთარი თავის და ჩვენს დასაცავად, ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე!", - თქვა მან.