საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისში, პრაიდის ფესტივალის ჩაშლას ეხმაურება. მისი თქმით, ღონისძიების ჩაშლით ქვეყანაში საქართველოს კონსტიტუციით გაცემული პირობა დაირღვა.
"დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა ჩვენი კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასათვის დაცული იქნებოდა ერთის მხრივ, აზრის გამოხატბის უფლება, ეს არის ჩვენი კონსტიტუციის 17-ე მუხლი და შეკრების თავისუფლება, ეს არის 21-ე მუხლი ჩვენი კონსტიტუციისა. დღეს ორივე დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, შეთანხმებული სამართალდამცავებთან ადგილიც და პირობებიც და ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცავ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ამდენად, ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.
ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომცდა სხვანაირად არ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება. ამ ფორმით და ამ მოტივით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება, თუკი სამართალდამცავი ორგანოები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედეს", - ამბობს ზურაბიშვილი.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ამ დროისთვის, ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რჩებიან მობილიზებულები.