ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს

ტრამპი: აშშ-მა შესაძლოა, უკრაინაში გაგზავნილ ევროპულ ძალებს საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტია შესაძლოა მოიცავდეს აშშ-ის საჰაერო მხარდაჭერას და კიდევ ერთხელ გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი, რომ თუ ის სამშვიდობო შეთანხმებას არ დათანხმდება, მას "რთული ვითარება" შეექმნება.

უკრაინის პრეზიდენტთან და ევროპელ ლიდერებთან თეთრ სახლში შეხვედრის მეორე დღეს, აშშ-ის პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში თქვა, რომ აშშ-ს ძალებმა შესაძლოა, დახმარება გაუწიონ უკრაინის მოკავშირეებს სამომავლოდ რუსეთის თავდასხმების აღკვეთაში.

კერძოდ, დონალდ ტრამპმა გამორიცხა, რომ უკრაინაში უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში აშშ-ის ჯარები გაგზავნოს და თქვა, რომ მზადაა, დაეხმაროს უსაფრთხოების ასპექტებში, მაგალითად, საჰაერო მხარდაჭერის გზით.

"როდესაც საქმე ეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები[ მზად არიან უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის", - თქვა დონალდ ტრამპმა.

მან დასძინა, რომ აშშ მზად არის, ამ კუთხით დაეხმაროს ევროპელებს.

"ჩვენ მზად ვართ, ამ კუთხით მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით კი, სავარაუდოდ, საჰაერო ნაწილზე ვსაუბრობ, რადგან არავის გააჩნია ისეთი აღჭურვილობა, რაც გვაქვს ჩვენ. თუ შეთანხმებას მივაღწევთ, ეს არ იქნება პრობლემა", - თქვა დონალდ ტრამპმა.

გუშინ, ევროპელ ლიდერებთან და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.

დონალდ ტრამპმა The Truth Social-ზე დაწერა, რომ მან ეს საკითხი ვლადიმერ პუტინთან თეთრ სახლში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის დროს სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.

დონალდ ტრამის თანახმად, ევროპელ ლიდერებთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ვლადიმერ პუტინი, ვოლოდიმირ ზელენსკი და თავად დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, როდის გაიმართება შეხვედრა.