უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"ვიხსენებ ჩვენს შესანიშნავ შეხვედრას პრეზიდენტ ტრამპთან ჯერ კიდევ სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-ამერიკის ურთიერთობები, სტრატეგიული პარტნიორობა, "გამარჯვების გეგმა" და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების ხერხები. ვაფასებ გლობალურ საკითხებში პრეზიდენტ ტრამპის ერთგულებას "მშვიდობა ძალის მეშვეობით" მიდგომის მიმართ. ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რომელსაც პრაქტიკულად შეუძლია სამართლიანი მშვიდობის მოტანა უკრაინაში. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად განვახორციელებთ მას", - წერს ზელენსკი.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის, პირადად მიულოცოს ტრამპს გამარჯვება და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების გზები განიხილოს:
"მოუთმენლად ველით ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერ ეპოქას პრეზიდენტ ტრამპის გადამწყვეტი ხელმძღვანელობით. ჩვენ ვეყრდნობით უკრაინის მუდმივ ორპარტიულ მხარდაჭერას შეერთებულ შტატებში".
Fox News-ის მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. რესპუბლიკელმა კანდიდატმა ფლორიდაში უკვე მიმართა მხარდამჭერებს და გამარჯვება იზეიმა.
არჩევნებში გამარჯვებისთვის კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმაა საჭირო. სხვადასხვა ამერიკული მედიის მონაცემებით, ტრამპი გამარჯვებულად გამოცხადებული არაა, თუმცა აუცილებელთან ზღვართან ძალიან ახლოსაა.
წლევანდელ არჩევნებზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ე.წ. მერყევ შტატებს, განსაკუთრებით კი პენსილვანიას, რომელსაც კოლეგიაში 19 ხმა აქვს. ამერიკული მედიის მონაცემებით, რესპუბლიკელმა კანდიდატმა პენსილვანიის, ჯორჯიისა და ჩრდილოეთ კაროლინას ე.წ. მერყევ შტატებში გაიმარჯვა, დანარჩენ 4-ში კი ლიდერობს.
დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვიცე-პრეზიდენტი დღეს ამომრჩეველს არ მიმართავდა. ანალიტიკოსების აზრით, ჰარისის ეს ნაბიჯი ადასტურებს, რომ ვიცე-პრეზიდენტი დამარცხებას აღიარებს.