დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

დიდი ოდენობით ფულის გათეთრების საქმეზე ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ინსტიტუტი აცხადებს, რომ აღნიშნული საქმის ფარგლებში აქტიურად მუშაობს გამოძიებასთან და "განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები."

ამასთანავე სებ ამტკიცებს, რომ განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას და ასევე აცხადებს, რომ საფინანსო სექტორის ზედამხედველობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკი კვლავაც განაგრძობს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების ზედამხედველობას, როგორც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმების მოთხოვნათა აღსრულების კუთხით.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპის დაცვით ხორციელდება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ეროვნული ბანკი იყენებს შესაბამის საზედამხედველო ზომებს. მათ შორის, ფულად ჯარიმებს, რაც ემსახურება სექტორის შესაბამისობის დონის ამაღლებას და მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას. ასევე, სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინფორმაციას აწვდის უფლებამოსილ უწყებებს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ფინანსური სექტორის შესაბამისობის დონე, ასევე ზედამხედველობის ხარისხი მუდმივად დადებითად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, ევროპის საბჭოს რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოავლინეს 624 მილიონი აშშ დოლარისა და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, რასთან დაკავშირებითაც დაკავებულია 1 ადამიანი.

უწყების ცნობით, დაკავებულს და მასთან დაკავშირებულ პირებს 2022-2024 წლებში საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ავტომანქანებში მოწყობილი სპეციალური სამალავების საშუალებით შემოჰქონდათ უცხოური ვალუტა, რაც შემდეგ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში მიჰქონდათ.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ბრალდებულს აღნიშნული თანხისთვის კანონიერი სახე მიეცა, ბანკებში თანხის წარმომავლობის შესახებ ყალბი ცნობები მიჰქონდა, ხოლო ბანკებიდან კონვერტაციის შედეგად მიღებული ფულით უძრავ-მოძრავ ქონებას ყიდულობდა.

დაკავებულს თავისუფლების 9-დან 12-წლამდე ვადით აღკვეთა ემურქრება.

TV პირველის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ფულის გათეთრების ფაქტზე დაკავებული ადამიანი კომპანია "ფინის" დირექტორი კახა კოტორაშვილია.