სასამართლომ ხოშტარიას 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ხოშტარიას 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას სასამართლომ 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ხოშტარიას აღნიშნული თანხის გადასახდელად სასამართლომ 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.

აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ოპოზიციონერი ლიდერის წერილი საპატიმრო დაწესებულებიდან.

იგი ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ პირებს და მოუწოდებს სხვებსაც, არ გადაიხადონ აღნიშნული თანხა.

***

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციამ 15 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის დააკავა.

ხოშტარიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა, რაც 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ხოშტარიამ განზრახ დააზიანა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით", - წერს პროკურატურა.