ზელენსკი: ცეცხლი, სულ მცირე, 30 დღით უნდა შეწყდეს, მნიშვნელოვანია სიცოცხლე, არა აღლუმები

ზელენსკი: ცეცხლი, სულ მცირე, 30 დღით უნდა შეწყდეს, მნიშვნელოვანია სიცოცხლე, არა აღლუმები

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებასთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ცეცხლი არ უნდა იყოს რამდენიმე დღით შეწყვეტილი, რასაც ისევ რუსეთის მხრიდან მკვლელობები მოჰყვება. ის ამბობს, რომ საჭიროა, მინიმუმ, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა.

"მანიპულაციის მორიგი მცდელობაა: რატომღაც ყველა უნდა ველოდოთ 8 მაისს და მხოლოდ მაშინ შევწყვიტოთ ცეცხლი, რათა უზრუნველვყოთ "სამყაროს ცენტრისთვის" სიმშვიდე, რომ ჩაატაროს აღლუმი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლე და არა აღლუმები. ზუსტად ამიტომ, მიგვაჩნია, რომ არ არსებობს 8 მაისამდე ლოდინის მიზეზი.

ცეცხლი რამდენიმე დღით არ უნდა შეწყდეს, რათა მერე ისევ მკვლელობა დაიწყოს. დაუყოვნებლივი, სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა - სულ მცირე, 30 დღით რომ იყოს უზრუნველყოფილი და დაცული, ეს არის ის, რაც რეალური დიპლომატიის საფუძველია. [...] მზად ვართ, რაც შეიძლება სწრაფად ვითანამშრომლოთ ყველა პარტნიორთან, ვისაც შეუძლია მშვიდობის დამყარებასა და უსაფრთხოების გარანტიებში დახმარება.

რუსეთი მუდმივად უარყოფს ამ ყველაფერს და მანიპულირებს მშვიდობით, ცდილობს, რომ მოატყუოს ამერიკის შეერთებული შტატები", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.

კრემლის განცხადების მიხედვით, პუტინი უკრაინულ მხარესაც მოუწოდებს, საპასუხოდ ცეცხლი შეაჩეროს.

​იქამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის მიიღოს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, თუ რუსეთი ასევე დაეთანხმება ამ პირობებს. ეს განცხადება გაკეთდა საუდის არაბეთში, ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, სადაც უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებმა განიხილეს შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივები.

შეგახსენებთ, რომ ვატიკანში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა მოუწოდა ვლადიმერ პუტინს, "შეწყვიტოს სროლა, დაჯდეს მოლაპარაკებებზე და მოაწეროს ხელი შეთანხმებას".