
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, გასულ ღამეს, კიევში რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ ნამსხვევების ამოღების ოპერაცია კვლავ გრძელდება და მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს.
"წინასწარი ინფორმაციით, რუსებმა ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტა გამოიყენეს. ჩვენი სპეცსამსახურები ამოწმებენ ყველა დეტალს.
თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ეს რაკეტა ჩრდილოეთ კორეაშია დამზადებული, ეს კიდევ ერთი დასტური იქნება რუსეთისა და ფხენიანის ალიანსის კრიმინალური ხასიათისა. ისინი კლავენ ადამიანებს - ეს არის მათი თანამშრომლობის ერთადერთი აზრი. რუსეთი მუდმივად იყენებს ასეთ იარაღს - რაკეტებს, არტილერიას. სანაცვლოდ, ფხენიანს მიეცა შესაძლებლობა, თავისი იარაღი უფრო მომაკვდინებელი გაეხადა რეალური ომის პირობებში", - წერს ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ უნდა დარჩეს მარტო ამ საფრთხის წინაშე.
"სწორედ დღეს, ჩვენს ქალაქებსა და მოქალაქეებზე მასიური დარტყმის დროს, რუსეთის არმიამ გამოიყენა 200-ზე მეტი განადგურების საშუალება - რაკეტები და თავდასხმის თვითმფრინავები. ამ დროისთვის დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი, დაიღუპა 12. ვუსამძიმრებ მათ ახლობლებს.
რუსეთზე უნდა იყოს რეალური ზეწოლა, რომ ეს შეაჩეროს. ამ ომის დასასრულებლად საერთაშორისო დიპლომატიური ძალისხმევის დროსაც კი, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ეს ნიშნავს, რომ პუტინს არ ეშინია", - ამბობს ზელენსკი.
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს დარტყმების სრული და უპირობო შეჩერება და ამას რუსეთი უნდა დაეთანხმოს.
"ეს ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს. ჩვენი ხალხის უსაფრთხოების ჭეშმარიტად გარანტირებისთვის, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი საჰაერო ფარი. მადლობას ვუხდი მსოფლიოში ყველას, ვინც მეხმარება. სახელმწიფოთა თანამშრომლობამ, რომლებიც აფასებენ ადამიანებსა და სიცოცხლეს, უნდა შეაჩერონ მკვლელთა ალიანსები", - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის განცხადებით, 24 აპრილის ღამეს, კიევზე რუსული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, ხოლო 90 ადამიანი დაშავდა.