ზელენსკი: რუსეთის ოკუპაციურ ძალებში რამდენიმე ასეული ჩინელი იბრძვის

ზელენსკი: რუსეთის ოკუპაციურ ძალებში რამდენიმე ასეული ჩინელი იბრძვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ოკუპაციურ ძალებში რამდენიმე ასეული ჩინეთის მოქალაქე იბრძვის. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ომი გაახანგრძლივოს სხვა ქვეყნების მოქალაქეების სიცოცხლის ხარჯზე.

ზელენსკიმ ეს განცხადება 11 აპრილს "რამშტაინის" ფორმატში გამართულ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე გააკეთა.

"ამ დროისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის მხარეს სულ ცოტა, რამდენიმე ასეული ჩინელი იბრძვის. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთი ომის გაგრძელებას ცდილობს ჩინელების სიცოცხლის ხარჯზე. როგორც ჩანს, პუტინს არ ეყო ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები და ახლა ცდილობს დანაკარგების შევსებას კიდევ ერთი ერის — ჩინელების — დახმარებით", — განაცხადა ზელენსკიმ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა გააერთიანონ ძალები და ერთობლივი ზეწოლით შეაჩერონ რუსეთის ეს ნაბიჯები.

ზელენსკიმ მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც, მისი თქმით, რუსების მხარეს მებრძოლი ჩინელი ტყვეების დაკითხვაა ნაჩვენები.