ზელენსკი: მივესალმები ნებისმიერი სახის ფორმატს, რომელიც მშვიდობას მოგვიტანს

ზელენსკი: მივესალმები ნებისმიერი სახის ფორმატს, რომელიც მშვიდობას მოგვიტანს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერ, დონალდ ტრამპთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იგი მიესალმება პუტინთან მოსალაპარაკებლად ნებისმიერი სახის ფორმატს, "რომელსაც მშვიდობის მოტანა შეუძლია."

მან დაამატა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია კიევმა აშშ-ისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღოს, რაც უზრუნველყოფს, რომ მომავალში პუტინი ვეღარ შეძლებს უკრაინაზე მორიგი იერიშის განხორციელებას.

"არსებული გარემოებებიდან გამომდინარე და ასეთი დიდი ქვეყნის წინააღმდეგ, ვფიქრობ, უნდა გავჩერდეთ სადაც ვართ. პრეზიდენტი ტრამპი მართალია. მნიშვნელოვანია, რომ გავჩერდეთ და შემდეგ დავილაპარაკოთ - რა უნდა გავაკეთოთ, რეალური, განგრძობადი მშვიდობისთვის. მაგრამ ეს პუტინზეა, რადგანაც ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია.

მე მივესალმები ორმაგ, სამმაგ ან ნებისმიერი სახის შეხვედრის ფორმატს, რომელსაც ჩვენთვის მშვიდობის მოტანა შეუძლია...

ჩვენ გვჭირდება აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიები და თვითონ აშშ. რადგანაც ახლა მხოლოდ აშშ ელაპარაკება რუსეთს, მხოლოდ ტრამპს აქვს დიალოგი რუსეთთან. ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ჩვენ გვინდა უსაფრთხოების გარანტიები აშშ-სგან, რომ პუტინი ჩვენ ისევ არ დაგვესხმება თავს", - დასძინა ზელენსკიმ.