ზელენსკი: ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ცოტას, რას აკეთებს აშშ?

ზელენსკი: ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობენ ამაზე ცოტას, რას აკეთებს აშშ?

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები საკმარისად გადამწყვეტ ზომებს არ იღებენ. ამის შესახებ მან CBN News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, საქართველო გუშინ დემოკრატიული და თავისუფალი ქვეყანა იყო, დღეს კი ქვეყანა ხელში ოლიგარქებმა ჩაიგდეს, მთელი ძალაუფლება კი ბიზნესს ეკუთვნის, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან. ის მიიჩნევს, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა "რუსეთს თავის დროზე არ მიუჩინეს ადგილი, სადაც ყოფნას იმსახურებს".

"ხედავთ, რა ხდება დღეს საქართველოში? რატომ ლაპარაკობს ხალხი ამაზე ასე ცოტას და რას აკეთებს შეერთებული შტატები, როდესაც საქმე საქართველოს ეხება? ვფიქრობ, ეს სუსტი ქმედებებია, ვითარება მსგავსია. საქართველოშიც იყო ოკუპირებული ნაწილი, ეს უბრალოდ საქართველოს მკვდარი ნაწილებია. მოსკოვმა შეგნებულად შექმნა გაყინული კონფლიქტი, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ჩართვა. ეს არის ის, რასაც ისინი აკეთებენ მოლდოვაში, რასაც ისინი აკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. მათ აქვთ ერთი და იგივე მოდელი, იგივე რუკა, რასაც ისევ და ისევ იყენებენ.

საქართველო, რომელიც გუშინ იყო თავისუფალი, დემოკრატიული, დღეს ხელში ჩაიგდეს ოლიგარქებმა. მთელი ძალაუფლება აქვს ბიზნესს, რომელსაც კავშირები აქვს მოსკოვთან. საქართველოში მთავრობა ამბობს, რომ არ უნდათ ევროკავშირი, დასავლეთი და მოდით, გადავდოთო რამდენიმე წლით. დღეს ისინი სრულიად რუსეთისა და მათი ლიდერების მანიპულაციის ქვეშ არიან. ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები და ევროპა არ იღებენ საკმარისად ძლიერ ზომებს, ისინი არ აყენებენ რუსეთს იმ ადგილას, სადაც ის იმსახურებს ყოფნას", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიმდინარე პროტესტსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ პოლიცია ცდილობს, დაარბიოს ის ადამიანები და ახალგაზრდები, რომლებსაც "რუსეთისკენ შემობრუნებას აიძულებენ".

"პოლიცია ცდილობს, დაშალოს ის ახალგაზრდები, ყველა ადამიანი, ყველა სტუდენტი, რომელიც ქუჩაში გასაპროტესტებლად გადის. მათ არაფერი აქვთ ხელში, რომ რაიმე გააკეთონ. ერთადერთი, რაც მათ აქვთ არის ძლიერი სურვილი, რომ იცხოვრონ მშვიდობიან, ევროპულ ქვეყანაში და მათ აიძულებენ რუსეთისკენ შებრუნებას. აი, რა ხდება დღეს საქართველოში. რა ძლიერი ნაბიჯები გადადგა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ან ევროპულმა ქვეყნებმა? მე პირადად, ვერაფერს ვერ ვხედავ", - თქვა მან.