
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირადად მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც 6 მარტს ბრიუსელში გაიმართება და უკრაინის დახმარებასა და ევროკავშირის თავდაცვას მიეძღვნება.
ამის შესახებ "ევროპეისკაია პრავდას" კორესპონდენტს ევროკავშირის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სამიტის მომზადებაში მონაწილეობდა.
წყაროს ინფორმაციით, ზელენსკიმ მიიღო ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას მოწვევა და ბრიუსელში ფიზიკურად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე.
"ჩვენ მივიღეთ დადასტურება, რომ პრეზიდენტი ზელენსკი პირადად დაესწრება სამიტს", – აღნიშნა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდება ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს სამუშაო ლანჩის ფარგლებში.